ვიქტორია სოროჩინსკი
პოლტავის მიწა: უკრაინის ძლიერების ადგილი (უკრაინა, 2019-2021)
კურატორი - დინა ოგანოვა
ეს არის გრძელვადიანი ფოტოპროექტი, რომელიც 100-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. პოლტავას რეგიონი თავისებური სამყაროთი და მითოლოგიით ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ისტორიულად საინტერესო ადგილია უკრაინაში. იგი ცნობილია თავისი იდუმალი ატმოსფეროთი და ნიჭიერი ადამიანების უჩვეულო თავმოყრით. ამბობენ, რომ უკრაინის ყველაზე ნიჭიერი ადამიანები წარმოშობით სწორედ ამ მხარიდან არიან. პოლტავის კულტურა, მითოლოგია, არქიტექტურა და რელიგიურ-მისტიკური წარმოდგენები აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის (მონღოლური, თურქული, კავკასიური) გავლენებიდან იღებს სათავეს, წარმართობის, მართლმადიდებლობისა და ისლამის ერთგვარი შერწყმით. ცნობილ მწერლებსა და პოეტებს პოლტავის შესახებ აქვთ დაწერილი და მრავალ მათგანს უცხოვრია აქ, ან სხვა პირადი კავშირები აქვს მასთან. ადგილობრივი მოსახლეობა უფრთხილდება და აფასებს პოლტავას და მაშინაც კი, როდესაც უკრაინის სხვა ქალაქებში ან საზღვარგარეთ უკეთესი შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეთ, ისინი მაინც უმეტეს შემთხვევაში აქ დარჩენას ამჯობინებენ საცხოვრებლად, ან ბრუნდებიან უკან. რუსეთის თავდასხმის შემდეგ პოლტავის მოსახლეობა უფრო ერთიანი და მიჯაჭვული გახდა თავის მიწაწყალზე, ვიდრე ოდესმე. მათი პროფესიის განურჩევლად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიცვან პოლტავა და დაეხმარონ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში. მხატვრები, ფილოსოფოსები, მწერლები, არქიტექტორები, რომლებიც ჩვეულებრივ დროს თავიანთ სახელოვნებო სამყაროში ცხოვრობენ, ახლა მხოლოდ ხელნაკეთი იარაღის შექმნით, დაჭრილების მოვლით და ათასობით ადამიანის გადარჩენით არიან დაკავებული; ადამიანების, რომლებიც ხარკოვის მსგავსი ახლომდებარე განადგურებული ქალაქებიდან არიან გამოქცეული და თავს აფარებენ პოლტავას. დედის მხრიდან ბებია, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ხშირად ვნახულობ სიზმარში, პოლტავაში დაიბადა. მართალია, იქ არასდროს მიცხოვრია, მაგრამ პირველივე ვიზიტის შემდეგ მასთან და იქაურ ხალხთან ძლიერი კავშირის გრძნობა, მიჯაჭვულობაც კი გამიჩნდა. ამ დრომდე პოლტავა რჩება უსაფრთხო და ხელუხლებელ ადგილად, თითქოს მას „მაგიური ძალა“ გააჩნდეს, იმის მიუხედავად, რომ გარშემორტყმულია ისეთი ტერიტორიებით, რომელიც ყველაზე მეტად იყო მტრის სამიზნე. დიდი იმედი მაქვს, რომ სამყარო დაიცავს ამ განსაკუთრებულ ადგილს და განადგურებას გადაურჩება ამ საშინელ ომში.