სთივენ შეიმსი
„შავი პანტერების“ პარტია
კურატორები თეონა გოგიჩაიშვილი და გრეგორ ბელციგი
სთივენ შეიმსი დაიბადა 1947 წელს, კემბრიჯში (მასაჩუსეთსის
შტატი). სწავლობდა ბერკლის უნივერსიტეტში (კალიფორნია). 19 წლის ასაკში, ვიეტნამის
ომის საწინააღმდეგო აქციაზე, სან ფრანცისკოში, მან მოძრაობა „შავი პანტერების“ დამფუძნებლები
გაიცნო. ამის შემდეგ დაიწყო მოძრაობის ყოველდღიურობის გადაღება და 7 წლის მანძილზე,
მისი მთავარი ჟამთააღმწერელი გახდა. სთივენ შეიმსი, როგორც ფოტოჟურნალისტი, ფოტოგრაფიას
გათავისუფლების, სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლის საშუალებად
მიიჩნევს. თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, ფირზე აღბეჭდა ღარიბი, უუფლებო მოსახლეობა
და ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ და იზრდებიან სასტიკ, მტრულ გარემოში. როგორც
თვითონ ამბობს, მისი ამოცანაა, ხმა დაუბრუნოს მათ, ვისაც ის წართმეული აქვს. შეიმსი
განსაკუთრებით ეხება ბავშვთა სიღარიბის, რასობრივ ან ციხის თემებს, რითაც აშშ-ში სოციალურ
პრობლემებს უსვამს ხაზს, რასაც მანამდე აკეთებდნენ ლუის ჰაინი, ჯეიქობ რიისი თუ მერიონ
პოსტ უილკოტი. სთივენ შეიმსს თავისი ნამუშევრებისთვის მიღებული აქვს უამრავი ჯილდო.
მისი ფოტოები ყველაზე დიდ საჯარო კოლექციებში ინახება. 2015 წელს ნისეფორ ნიეპსის სახელობის
მუზეუმში გაიმართა მისი ნამუშევრების რეტროსპექტივა, რომელმაც ევროპულ აუდიტორიას უკეთ
გააცნო მისი შემოქმედება.
სოციალური ცვლილებების მხარდასაჭერად
სთივენ შეიმსმა ფირზე აღბეჭდა ლეგენდარული „შავი პანტერების“ პარტია 1967-დან 1973
წლამდე. ის ჯერ კიდევ ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა მას პარტიის ყოველდღიურობის
ასახვის უპრეცედენტო უფლება მიანიჭეს. პარტია, რომლის მიმართაც ზოგი სიმპათიას გამოხატავს,
ზოგს კი — უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, პოლიტიკურ ასპარეზზე სოციალური ცვლილებების
და აფროამერიკელებისთვის უფლებების მინიჭების რევოლუციური გეგმით გამოვიდა. შეიმსმა
არა მხოლოდ „შავი პანტერის“ ის ასპექტი წარმოაჩინა, რომელიც საჯაროდ ხილული იყო — ქუჩის
დემონსტრაციები, საპროტესტო გამოსვლები და სამხედრო სტრუქტურა, არამედ კულისებს მიღმა
წუთებიც — მაგალითად, პარტიის შტაბ-ბინაში დახურული შეხვედრები, სცენები „პანტერების“
სკოლიდან, უფასო საუზმის დარიგების პროცესი, ჰიუი პ. ნიუტონის კადრები სახლიდან და
ბობი სილი სამსახურში, ოკლენდში მერის არჩევნების კამპანიის დროს.
დღეს „შავი პანტერების“ შესახებ ნამუშევრებში
ყველაზე მეტად გაოცებას იწვევს მისი იმდროინდელი აქტუალურობა, განსაკუთრებით, როცა
გავიხსენებთ სოციალურ კრიზისს, რომელიც აშშ-მ გამოიარა და პროტესტის ტალღას, რომელიც
ჯერ კიდევ ბრალდებული ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ გამოიწვია.
ეს გამოფენა განხორციელდა Esther Woerderhoff-ის გელერეასთან თანამშრომლობით.