თარიღი

7 მაი 2023

გალერეა

საქართველოს ეროვნული არქივი

დროები

18:00

ნინო ჯორჯაძე

კავკასიის ფრონტი /1914 - 1918/

XIX-XX საუკუნეებში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნინო ჯორჯაძე (1884-1968) - არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონი, რომელმაც სრულყოფილი განათლება ევროპაში მიიღო და სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1914 წელს, კავკასიის ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ნინო ჯორჯაძე საქართველოში პირველი ფოტომოყვარული ქალია, რომელმაც მოწყალების დის თვალით დანახული  პირველი მსოფლიო ომი გადაიღო. ის ერთადერთია, ვინც ომის ფოტოქრონიკა შექმნა. მართალია, ომს იღებდნენ ისეთი ცნობილი  ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ დიმიტრი ერმაკოვი, ვლადიმერ ბარკანოვი, დიმიტრი ნიკიტინი და სხვები, მაგრამ მათი მისია, მიწვეული ფოტოგრაფის ფუნქციით შემოფარგლებოდა, ხოლო ნინო ჯორჯაძე  ომში მონაწილეობდა, როგორც წითელი ჯვრის მოწყალების და. შესაბამისად, ის თანამონაწილის პოზიციიდან ქმნიდა ომის დოკუმენტურ ქრონიკას და თავისი მხატვრული ღირებულებითა  და ომის ტრაგიკული მოვლენების ამსახველი მატიანეთი, ნინო ჯორჯაძის ფოტოგრაფიულმა მოღვაწეობამ განუმეორებელი ადგილი დაიკავა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. ცნობილი ქართველი მეწარმის, საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილი, ნინო ჯორჯაძე, მოწყალების დის კურსების დასრულების შემდეგ,  წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტის ამსახველი კადრები - სარიყამიში, ყარსი, ანისი,  ნაზიკი, კარაკამისი, ანის-ყალა და სხვა ადგილები,  მისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის ,,კოდაკის“ კამერით გადაიღო. ის ომის ყოველდღიურობით ცხოვრობდა და მოწმე იყო ყველაფრისა, რასაც იღებდა - ასახავდა რეალობას, სპონტანურ სინამდვილეს, ექსტრემალურ სიტუაციებს, დრამატულ შემთხვევებს. იღებდა საკუთარ თავს ფრონტის ხაზზე, შექმნა გარდაცვლილების, დაჭრილების, გენერლების, ოფიცრების, ექიმების, ლტოლვილების, ომის რეალური მონაწილეების ცხოვრების ამსახველი სურათები, ტიფის ეპიდემიის მძიმე დღეები, დანგრეული გზები, ომის ის მონაწილეები, რომლებიც მოგვიანებით გმირებად აღიარეს - ყოველივე ეს მან გააზრებულად შემოინახა. 

გარდა ამისა, ნინო ჯორჯაძემ დღიურიც შექმნა, რომელიც ომის მთელ სინამდვილეს იტევს და ასახავს იმას, რისი დაფიქსირებაც ფოტოაპარატს არ შეუძლია: საუბრები, ურთიერთდამოკიდებულების ამსახველი ჩანაწერები, განცდები, მისი მოსაზრებები ცხოვრებისეული ჭეშმარიტებისა  და ადამიანის დანიშნულების შესახებ. დღიურმა და ფოტოალბომმა ერთად, პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტის სრული სურათი ასახა. თავის ,,სულის დღიურში“ წერდა ყოველივე იმაზე, რასაც  ომის დაძაბულობა და არეულობა იწვევს, ექსტერემალურ სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანების წარმოუდგენელ გარდასახვაზე: ,,სარიყამიშის ბრძოლის შემდეგ, თავიდან დავიბადე. მე ვნახე ყველაზე შეუძლებელი, საშინელი განცდები... ადამიანები ბრძოლის დროს ღმერთებს ემსგავსებიან. ისინი უარს ამბობენ თავის პირადულზე რაღაც უფრო დიადისთვის. ეს არის ადამიანის სულის გამჟღავნება, მთელი თავისი მშვენიერებით. რთულია გონებამ მოიცვას, ომის მთელი საშინელება...“ (1914 წლის მარტი).

ნინო ჯორჯაძის ცხოვრება სავსე იყო მრავალგვარი განცდებითა და დრამატული შემთხვევებით, რომელთა შესახებაც ის ხშირად წერდა. მან შეგნებულად დატოვა მშვიდი და კეთილმოწყობილი ყოფა, წავიდა ფრონტზე, ხედავდა და ეჩვეოდა ადამიანის შინაგანი ,,მე“-ს ყველაზე სასტიკ გამოვლინებას, წერდა და იღებდა ამ რეალობის ამსახველ სურათებს. ის  ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს ავლენდა: ერთი მხრივ, მძიმე, დაუნდობელ სინამდვილესთან მებრძოლი ქალი იყო, ხოლო მეორე მხრივ, შეეძლო ყველაზე ამაღლებული და ნაზი გრძნობების გამომჟღავნება: ,,სიყვარული - შეყვარება არ არის. დიდი და სერიოზული გრძნობა უცბად არ ამოფეთქავს - ის ნელა და თანდათანობით იჩენს თავს, ორი ადამიანის ურთიერთობაში. ეს არის ორი ადამიანის სულის სიახლოვე და ერთმანეთის სულიერ არსში შეღწევა. სიყვარული - სულის უმაღლესი ხარისხია, წყურვილი, ახლებურად დაინახო და შეიყვარო სამყარო. ოდესმე და სადმე, მას ფიზიკური ლტოლვა ართულებს“. ,,სულის დღიური“ 1913 წლის ნოემბერი. გამოფენა მოიცავს პირველი მსოფლიო ომის ამსახველ მნიშვნელოვან მოვლენებს, აღმოსავლეთში განვითარებულ მოქმედებების ამსახველ ფოტოებს, ისტორიულ პირებ, ეთნოგრაფიულ ჯგუფებს, ყოფით სცენებს და ქალაქის ხედებს.

ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში, ნინო ჯორჯაძე გამორჩეული ფოტოგრაფია, რომელმაც ურთულეს სინამდვილეში იცხოვრა, შექმნა ომის ამსახველი მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარი მატიანე. მასში გაერთიანდა შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნება,  ქალი და დოკუმენტალისტი, რომელმაც იმ ეპოქაში შეუცვლელი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ფოტოგრაფიის განვითარებისათვის. 

ლიკა მამაცაშვილი

საოჯახო არქივის მფლობელია  თამარ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბაგრატიონი