მიჰაელ ფონ გრაფენრიდი
ჩვენი ქალაქი, აშშ ახლო ხედით დღეს
გალერისტი ესთერ ვურდეჰოფი. კურატორები თეონა გოგიჩაიშვილი და გრეგორ ბელციგი
მმიჰაელ ფონ გრაფენრიდი 1957 წელს, ბერნში დაიბადა.
1978 წლიდან საერთაშორისო ფოტოჟურნალისტი გახდა და დღეს გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს
სხვადასხვა მედია-საშუალებებში, მათ შორის სარეკლამო აფიშების სფეროსა და კინოში. მისი
დოკუმენტური ფილმი „ომი სახეების გარეშე“, რომელიც მან მოჰამედ სუდანისთან ერთად გადაიღო,
2002 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე აჩვენეს. გრაფენრიდის გამოფენები ბევრ ქვეყანაში
ეწყობა და მისი ნამუშევრები არაერთ მუდმივ კოლექციაშია. ის მრავალი ჯილდოს მფლობელია,
მათ შორის: World
Press Photo-ს ჯილდო (1989), საფრანგეთის საპატიო
ლეგიონის ორდენი
(2006) და ერიჰ ზალომონის სახელობის ჯილდო გერმანიის ფოტოსაზოგადოებისგან (2010) და
ამ მხრივ, ის მესამე შვეიცარიელია რენე ბურისა და რობერტ ფრანკის შემდეგ, რომელმაც
ეს ჯილდო მოიპოვა.
მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია 30-ზე მეტ წიგნში, რომელთაგან ბოლო სამია: „ლუდის
ფესტივალი“ (Steidl, 2014), „ცვლილების
პროცესში მყოფი რიო“
(Offizin, 2016) და „ჩვენი ქალაქი“ (Steidl, 2021).
„ჩვენი ქალაქი“ მაიკლ ფონ გრაფენრიდის მიერ შექმნილი ფოტოგრაფიული პორტრატია ჩრდილოეთ კაროლინის შტატის პატარა ქალაქ ნიუ ბერნის შესახებ, რომლის მოსახლეობაც 30 000-ია. აქაური მოსახლეობის 55%-ს თეთრკანიანი, ხოლო 33%-ს შავკანიანი მოქალაქეები შეადგენენ. 1710 წელს აქ ქრისტოფ ფონ გრაფენრიდმა, შვეიცარიის ქალაქ ბერნიდან, პირველად დაიწყო სახლების მშენებლობა მდინარეების — ნიუსისა და ტრენტის შესართავთან. ახლად დაარსებულმა ქალაქმა ქრისტოფერის მშობლიური ქალაქის სახელი მიიღო. მაიკლ ფონ გრაფენრიდი 15 წლის მანძილზე იღებდა ამ ფოტოებს, რომლებიც არც მეტისმეტად ფორმალური კომპოზიციებისგან შედგება და არც წამში გადაღებული მომენტალური ფოტოებია, არამედ ყოველდღიური სინამდვილის მშვიდი და მოზომილი გამოსახულებებია, რომლებიც მასში წარმოდგენილი სუბიექტების გაგებას და კრიტიკის გარეშე მათ მიღებას გულისხმობს: შავკანიანების თავყრილობა ეკლესიაში; ახალგაზრდა თეთრკანიანი გოგონები იარაღის სროლის პრაქტიკაზე; შავკანიანი მამაკაცები, რომლებიც ქუჩაში ფულს ცვლიან; თეთრკანიანების წყვილი, რომლებიც თავიანთი ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციას გამოფენენ, ნანადირევის — დათვის დიდი ფიტულის — თანხლებით; სტრიპტიზის შავკანიანი მოცეკვავე ქალი თეთრკანიანი მამაკაცისთვის ცეკვავს.
2020
წლის ივნისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, ნიუ ბერნში ისეთი მასშტაბური
დემონსტრაცია მოეწყო, როგორიც აქაურობას არ ახსოვს. ეს აქცია ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო
გამოსვლების — „შავკანიანების ცხოვრება მნიშვნელოვანიას“ პარალელურად იმართებოდა. ამით
ქალაქში პირველად გაიმართა შავკანიანებისა და თეთრკანიანების ურთიერთობასთან დაკავშირებული
დემონსტრაცია. ფონ გრაფენრიდის „ჩვენი ქალაქი“ ერთსა და იმავე დროს ამაყად წარმოადგენს
აქაურ საზოგადოებას და, იმავდროულად, გულისხმიერად მოუწოდებს მას ინტეგრაციისა და
უერთიერთგაგებისკენ ამერიკის ისტორიაში ამ გადამწყვეტ მომენტში.
ეს გამოფენა განხორციელდა შვეიცარიის ხელოვნების საბჭო Pro Helvetia -ს მხარდაჭერით