მარიამ მუმლაძე
მოძრავი ლანდშაფტები: რისკის ბუნება
ქართველი ფოტოგრაფის, მარიამ მუმლაძის გამოფენა ადამიანის მიერ შექმნილ ინფრასტრუქტურასა და ბუნების ყოვლისმომცვლელ ძალებს შორის არსებულ მნიშვნელოვან კონტრასტს ვიზუალურად წარმოაჩენს. მარიამმა ფოტოპროექტი 2023 წლის აგვისტოში დაიწყო - მაშინ, როცა ის შვეიცარიაში, სახელოვნებო რეზიდენციაში იმყოფებოდა.ფოტოგრაფის შვეიცარიაში ჩასვლიდან 3 დღეში ქართულ კურორტ შოვს მასიური ღვარცოფი დაატყდა თავს. ასეთმა შეჩეხებამ ბუნების წამლეკავ ძალებთან და ადამიანურმა ტრაგედიამ სრულიად მოიცვა არტისტის ყურადღება და გადაწყვიტა, რისკების მართვის კომპლექსური საკითხი უფრო ღრმად შეესწავლა, განსაკუთრებით კი კლიმატური ცვლილებების კონტექსტში.ფოტო პროექტი მოძრავი ლანდშაფტები: რისკის ბუნება ხელოვანისთვის ასევე ერთგვარი თვითთერაპიის ფორმაცაა - მარიამი გააზრებულად მიდიოდა მაღალი რისკის ზონებში და თვითნებურად იგდებდა თავს დაუცველ მდგომარეობაში. სახიფათო ადგილებში ლაშქრობის ხელშესახები ემოციები მას არამარტო ეხმარებოდა რომ ღრმად შეესწავლა ეს საკითხები, არამედ უფრო მეტად გაეგო მათი, ვისაც მსგავს პირობებში უწევს ყოველდღიურად არსებობა.ფოტო პროექტი ადამიანის მიერ შექმნილი ინფრასტურქტურისა და ბუნების ლანდშაფტების შეხვედრის წერტილებს, მათი შეპირისპირებისა და თანაარსებობის კომპლექსურ ურთიერთქმედებას გვაჩვენებს. ფოტოები ასევე დარგის პროფესიონალების, მეცნიერების, ინჟინრების, მუშებისა და ხელოვანების შრომასაც უსვამს ხაზს, რომლებიც სხვადასხვა ხერხით დაუღალავად შრომობენ კატასტროფების რისკების შესამცირებლად.მიუხედავად იმისა, რომ ფოტო პროექტი შვეიცარიაში შეიქმნა, მარიამის ხედვა სცდება საზღვრებს და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოსაც, რომელშიც მსგავსი საკითხების მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ფოტო ამბავი გამოდგება წყაროდ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ის შეიძლება გახდეს დამატებითი რესურსი მსგავსი საკითხების სამომავლო შესწავლისთვის.
მოძრავი ლანდშაფტები: რისკის ბუნება ერთგვარი არტისტული გზამკლევია, რომელშიც ჩანს ხელოვნების, მეცნიერებისა და ადამიანების შეხვედრის წერტილი, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან და მასში ადამიანის როლთან.
გამოფენის ხმის დიზაინი: ნინო დავაძე, საუნდ არტისტი, ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი. გამოფენის ხმის დიზაინი კვლევის ლოკაციაზე მოგროვებულ საველე ჩანაწერებს, სიტყვიერ ჩანართებს და მათ რეზონანსს მოიცავს, რომელიც გამოფენის თემატიკას აუდიტორიისთვის ბგერითი ფორმითაც ეხმაურება.
რეზიდენცია განხორციელდა Kolga Tbilisi Photo-სა და SMArt Residency Sierre-ის თანამშრომლობის ფარგლებში.
მარიამ მუმლაძე (თბილისი, 1996) ქართველი ფოტოგრაფი და ვიზუალური მკვლევარია. მისი ინტერესი ეხება სოციალურ საკითხებს, ხელოვნების, ტექნოლოგიისა და ციფრული კულტურის თანაკვეთას. განათლებით ის სოციალური მეცნიერების ბაკალავრი და მედია ხელოვნების მაგისტრია, მისი უნიკალური ხედვა კი მჭიდროდ არის დაკავშრებულ ინტერდისციპლინარულ აზროვნებასთან. მარიამის ჯიუტი მცდელობა, რომ სხვადასხვა სფეროში თანაკვეთის წერტილები იპოვოს, ვლინდება მის პროექტებსა და ვიზუალურ თხრობაში. როგორც ფრილანსერ ფოტოგრაფს, მარიამს არაერთი ფოტო ამბავი შეუქმნია, რომელიც ძირითადად დოკუმენტური და კონცეპტუალური ჟანრისაა.