მარიო ლასალანდრა
„პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები“, 1962-2011 წლების ფოტონამუშევრები
კურატორი: პაოლა ლასალანდრა
კრეატიული დირექტორი: ირაკლი ნასიძე
ფოტოგამოფენა „პოეტები, ნიღბები, მსახიობები,
მოჩვენებები“ (1962-2011 წლების ფოტონამუშევრები)
ერთგვარი მოგზაურობაა მსოფლიოში ცნობილი ვენეციელი ფოტოხელოვანის, მარიო
ლასალანდრას ცხოვრებასა და შემოქმედებაში და მისი ნამუშევრების რეტროსპექტივაა. აქ
წარმოდგენილი 150-მდე შავ-თეთრი ფოტო, რომლის სტილსაც თავად ლასალანდრა „მაგიურ სურეალიზმს“
უწოდებს, მე-20 საუკუნის იტალიას დაგვანახებს. მარიო ლასალანდრა იტალიური
ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვატორ და ბრწყინვალე ფიგურად ითვლება. თავად
ფოტოხელოვანი და მხატვრი იგონებს, რომ პირველად სინათლისა და კომპოზიციის
საფუძვლებს ჯიამბატისტა ტიეპოლოსთან და წმინდა თეკლას ხატზე დაკვირვებით დაეუფლა,
ესტეს ტაძარში, რომელიც მისი ბავშვობის სახლთან ახლოს მდებარეობდა. ის ასევე მის
გავლენად ასახელებს რეჟისორების მიქელანჯელო ანტონიონის, ფედერიკო ფელინის, ინგმარ
ბერგმანისა და პაზოლინის ფილმებს.
მარიო ლასალანდრას რომელსაც თავდაპირველად
რეჟისორობა უნდოდა, ამ პროფესიაზე უარი თქვა ოჯახის წევრების გამო, რადგან ვერ
გაიმეტა ისინი იტალიის კინოსტუდია „ჩინეჩიტაში“ საცხოვრებლად, სწორედ ამიტომ
კინემატოგრაფიის მაგივრად იგი მთელ თავის ჯადოსნურ წარმოსახვით სამყაროს „Il
Magico“-ს („მაგია“) დადგმაში აქსოვს, რომელიც სავსეა სილამაზით, პოეტურობით,
მარტივი ფორმებით, სიურრეალისტური და ემოციების აღმძვრელი ატმოსფეროთი.
ლასალანდრამ ეს დადგმა განახორციელა 11-ჯერ, რომელიც 2003 წელს დაიწყო მოდენას
პროვინციის ქალაქ სან ფელიჩე სულ პანაროში, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი
ენთუზიაზმით იღებდა მონაწილეობას. ადგილობრივები ერთი დღით მის პერსონაჟებად
იქცევიან და აცოცხლებენ ზღაპრულს, რაც საუკეთესო შთაგონების წყაროა პროფესიონალი,
თუ მოყვარული ფოტოგრაფებისთვის.
ლასანდრა დაიბადა 1933 წელს ესტეში, ეუგანის
ბორცვების სამხრეთით. მას დედამისის მამისგან, ფედერიკო ტუზასგან მემკვიდრეობით
ერგო სტუდია, რომელიც მასავით ფოტოგრაფი და მხატვარი იყო და 1950-იან წლებში
მოღვაწეობდა. თავდაპირველად მხატვრობაში ექსპერიმენტირების შემდეგ, ლასანდრამ 1962
წელს ფოტოგრაფია აღმოაჩინა და თავისი პირველი სოლო გამოფენაც მოაწყო ფოტოესეითი
„ეგვიპტეში მოგზაურობა“. ეუგანის ბორცვების წყნარი ატმოსფერო, სადაც ხელოვანი
ცხოვრობს და ვენეციის ქალაქგარეთის უკიდურესად მშვიდი გარემო მაგიურ
შთაბეჭდილებებს იწვევს, რომელიც გამოსჭვივის მისი ფოტოებიდან. იგი მალევე შეუდგა
არაკომერციული ორიგინალური ნამუშევრების შექმნას, კლოუნის მსგავსი ტიპაჟების
გადაღებას მიტოვებულ სივრცეებში, სადაც ფელინის ადრეული ფილმების („La Strada“ და „კაბირიას ღამეების“) აშკარა გავლენა იგრძნობა. სცენები თანდათან უფრო რთულდება, ლასანდრა იწყებს
ფანტასტიკური ისტორიების შეთხზვას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაცლილია
მკვეთრი დრამატურგიული თანმიმდევრული ხაზისაგან, სავსეა ასოციაციებითა და
მინიშნებებით თანამედროვე მითოლოგიურ პერსონაჟებზე. ასე შეიქმნა მისი ცნობილი
ფოტოსერიები: „განკითხვა“ (1967), „საფრთხობელები“ (1968), Filodrammatici („მოყვარული
მსახიობები“) (1968) და „დრამის ქრონიკა“ (1970), რომლებშიც გამოსახულია
ანგელოზები, ქალწულები, წინასწარმეტყველები, ნიღბები, მსახიობები და მოჩვენებები.
ეს არამდგრადი ფიგურები იმ არასტაბილური ეპოქის მანიფესტაციაა, როდესაც იტალიური
ფოტოხელოვნება ღრმა და შეუქცევად კრიზისს განიცდის. ამავე დროს, ეს ფიგურები
არაჩვეულებრივად ორიგინალური ფორმით საზრდოობს ისტორიისგან — დაგეროტიპიდან
დაწყებული ავგუსტ სანდერამდე, დევიდ ბეილიდან დაიან არბუსამდე. მისი ნამუშევრები
პერსონაჟებისა და სიტუაციების განუწყვეტელ და ჯერ კიდევ ამოუწურავ
მრავალფეროვნებას გვთავაზობს. აღნიშნული პერსონაჟები მარიო ლასალანდრას
თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვატორ და ბრწყინვალე არტისტად აქცევს.
პაოლო მორელო: ფოტოგრაფიის ისტორიკოსი, ფოტოგრაფი, გამომცემელი, კოლექციონერი და გალერეის მფლობელი. იგი იტალიური ფოტოხელოვნების ისტორიის მრავალი ფუნდამენტური კვლევის ავტორია, მათ შორის ლასალანდრას „პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებების“.