თარიღი

5 მაი 2023

გალერეა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

დროები

17:00

ლევან ხერხეულიძე

ხილული უხილავები

პორტრეტების გადაღება ძალიან მიყვარს და ამჯერადაც გადავწყვიტე პორტრეტების სერიაზე მემუშავა. ბევრი ვიფიქრე, ვინ და როგორ გადამეღო და მოულოდნელად დამებადა იდეა, რომ ეს ფოტოგრაფების პორტრეტების სერია ყოფილიყო. თან, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რომ ოდესმე სადმე მენახოს მსგავსი ტიპის ფოტოწიგნი. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სხვადასხვა კითხვა: რა პრინციპით უნდა შემერჩია ფოტოგრაფები? რა ტიპის კითხვები დამესვა მათთვის? როგორი ვიზუალური ფორმა შეიძლებოდა ჰქონოდა პროექტს? ვინ არიან ამ პროექტის მონაწილეებიპირველ რიგში, ვეცადე, არ ვყოფილიყავი სუბიექტური და საკუთარი თავისთვის დამერთო ნება ამ ფოტოგრაფების შემოქმედების კრიტიკული შემფასებელი გავმხდარიყავი (ეს, გარკვეულწილად, არაკოლეგიალურიც მგონია, რადგან თავად ფოტოგრაფი ვარ), ამიტომ, შეფასებისას თავიდან ამოვიგდე მათი ნამუშევრების მოწონება-არმოწონების ჩემეული კრიტერიუმები. აქცენტი სულ სხვა რამეზე გავაკეთე: რამდენად ბევრს მუშაობენ ამ სფეროში, რამდენად დიდია მათი როლი ქართულ ფოტოგრაფიაში, მათი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ, რომელსაცთავად, უდავოდშემოქმედებად და არა ხელობად აღიქვამენ. სხვათა შორის, მოვერიდე ისეთ შაბლონურ იარლიყსაც კი, რომელსაც, კლასიკური გაგებით, პროფესიონალი ჰქვია: ადამიანი, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ დარგში და ამით საზრდოობს. საქართველოში ძალიან რთულია, იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი და ამით ირჩენდე თავს. ფოტოპროექტის ზოგიერთი მონაწილე ძალიან აქტიურად მუშაობს და გამუდმებით ჩართულია ამ საინტერესო შემოქმედებით პროცესში, თუმცამატერიალური სარგებელი უმნიშვნელოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იმ ფოტოგრაფებზე გავაკეთე, რომლებსაც, ჩემი აზრით, ამ საქმის მიმართ ცალსახა შემოქმედებითი დამოკიდებულება აქვთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ისინი, ვინც გზა უკვე გაიკაფა და არსებულ რეალობაში ადაპტირდა, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია და სათანადო ადგილი დაიმკვიდრა, და ისინიც, ვისაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. ერთი სიტყვით, ამ პროექტში მოხვდნენ ისინი, ვისაც ფართო საზოგადოება იცნობს და ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ჰყავს. ამ ფოტოწიგნის მიზანი არ არის საქართველოში მცხოვრები ყველა ფოტოგრაფის პორტრეტების კატალოგიზაცია. პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ყველას იცნობდე ან მათზე რამე ინფორმაცია გქონდეს. უფრო იმ ადამიანებით შემოვიფარგლე, ვის შემოქმედებასაც  უშუალოდ ვიცნობ და საინტერესოდ მიმაჩნია. რაც შეეხება შეკითხვებს, გადავწყვიტე, ყველასთვის ერთი და იგივე სამი კითხვა დამესვა, რომლებიც, ჩემი აზრით, საინტერესოდ გახსნიდა მათ პიროვნებას: • რატომ გახდი ფოტოგრაფი: ეს გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო თუ შემთხვევითობის შედეგი, არჩევანის სისწორეში კი მოგვიანებით დარწმუნდი? • ფოტო, ერთი მხრივ, თვალით დანახულ და სუბიექტურად აღქმულ რეალობას ასახავს, მეორე მხრივკი, მის ავტორზეც მეტყველებს. რაზე ჩერდება შენი თვალი, რა გიპყრობს და გიბიძგებს გადაღებისკენ? • რას ფიქრობ საკუთარ ფოტოგრაფიაზე, რის თქმას ცდილობ შენი ნამუშევრებით? ეს პროექტი ჩემთვის ორმაგად საინტერესოა: ერთი მხრივ, ფოტოწიგნში შესული პორტრეტები დამთვალიერებელს  ჩემი თვალით დანახულ ფოტოგრაფებს - ყოველთვის კამერის უკან მყოფ უხილავ ადამიანებს - აჩვენებს, მეორე მხრივ კი - კითხვებზე პასუხით, ისინი თავად წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს თავიანთ შემოქმედებაზე. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს იმ ადამიანების პორტრეტების დათვალიერება, რომელთა ნამუშევრებს, ასე თუ ისე, იცნობ, მათმა გულწრფელმა პასუხებმა კი, შესაძლოა, ისინი ახალი და განსხვავებული კუთხით დაგანახოს.