ლეონარდო სერატუ
en bora
„- ჩვენ მოვედით, რათა ვისწავლოთ სიმღერები და ისტორიები განსაკურნებლად:
- ჩემო შვილთაშვილნო, — თქვა მან, — რა თქმა უნდა, თქვენ შეძლებთ სწავლას, მე გასწავლით ყოველივეს თავიდან ბოლომდე.“
ამონარიდი ალადინოს ზღაპრიდან „კოკას მცენარის წარმოშობა“
ბორას ენაზე „კოკას წარმოშობა“ გამოითქმის, როგორც Ííbíí pííve tiná ume. იგი ყვება ბორას კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიას. პირველი ადამიანი, რომელიც დედამიწაზე გაჩნდა, იყო ბორა.ყოვლისშემქმნელმა ღმერთმა აბუელომ პირველ ადამიანს უთხრა,
რომ თუ იგი ამ სამყაროში იცხოვრებდა, კოკას მოხმარება უნდა ესწავლა. ღმერთმა მას ასწავლა, როგორ დაერგო, მოეკრიფა და მოეხმარა მისი ფოთლები.
ღმერთის სწავლებას თან ახლდა მძიმე გაფრთხილება: ის, ვინც კოკას ფოთოლს მოიხმარს, მიეცემა აბუელოსთან პირისპირ საუბრის ძალა,
თუმცა ის, ვინც მას პატივისცემის გარეშე მიიღებს, სასიკვდილო წყევლა დაატყდება თავს. ვინც მცენარეს ბოროტად გამოიყენებს, სამუდამოდ მის ტყვეობაში აღმოჩნდება. იგი კოკასგან გათავისუფლებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც სიცოცხლე დატოვებს მის სხეულს.
ალადინო ესაუბრება ტყის სულებს, რომლებიც ასწავლიან მას, თუ როგორ უნდა განკურნოს. ამისთვის იგი კოკას, თამბაქოს და ალკოჰოლს დიდი დოზით იღებს. ალადინო შამანია, მაგრამ ის, ასევე, ადამიანიცაა — ერთდროულად წმინდანიცაა და მიწიერიც. ფოთლების ძალის დაძლევის
ნაცვლად, მცენარე იწყებს მის მართვას. როგორც უძველესი იგავი გვაფრთხილებს, ის, ვინც კოკას ბოროტად გამოიყენებს, დაწყევლილი იქნება მისგან.
პროექტის იდეა 2015 წელს გაჩნდა, რათა ადგილობრივი სპირიტუალიზმი, კულტურული მრავალფეროვნება და ჩემს კონტინენტზე ცხოვრების უთვალავი ალტერნატიული წყარო გამომეკვლია. მისი არსი იყო იმ ისტორიების გამჟღავნება, რომელთა გამხელაზეც ჩემი მიწა უარს ამბობს. თუმცა, პროექტმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე უბრალოდ ფოტოებით გამოსახულმა ჩვეულებრივმა კვლევამ. გრძელვადიან, პერსონალურ ფოტოპროექტზე მუშაობისას არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ძველი სიბრძნე, რომელიც პირველ რიგში სხეულის გამოწრთობის და საკუთარი აზრების საზღვრების აღმოჩენის გზას გულისხმობს. ეს ადამიანის აზროვნების დეკოლონიზაციისკენ მიმართულ მუდმივ ვარჯიშს წარმოადგენს, რომელიც ლატენტურ, ფესვგადგმულ ანთროპოცენტრიზმს უპირისპირდება. პოლიტიკური და მაკროეკონომიკური ძალები გვაიძულებენ ვირწმუნოთ, რომ ცხოვრების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, სადაც ჩვენ ვართ მომხმარებლები და პლანეტა არის ჩვენი მომარაგების წყარო. როგორ ვაერთიანებთ ჩვენს გარემოს ჩვენში? ალადინო, შესაძლოა, უკანასკნელი იყოს, ვისაც შეუძლია კაცობრიობას დაანახოს მისი ნამდვილი კავშირი გარემოსთან. სამწუხაროდ, მისი არსებობა აღშფოთებას იწვევს, რადგან ის ანგრევს დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ანთროპოლოგიურ ისტორიას და ამჟღავნებს იმას, რაც ტყის მწვანე ფარდის მიღმა ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო. შამანი დამხმარეა. სხვა შესაძლო ბიოცენტრულ სამყაროში, სადაც სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ალადინო სიცოცხლის მეკავშირე შეიძლება ყოფილიყო. თვით ალადინოს სისხლიც კი აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა მისი სამყარო. იგი განასახიერებს 21-ე საუკუნეში წარმოშობილი პრობლემების ყველაზე მძიმე შედეგებს, როდესაც ბუნების ზედმეტად შესწავლამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ძირძველ მოსახლეობაზე მთელ მსოფლიოში.
ალადინო არის მეცნიერი, რომელიც უპირისპირდება საღ აზრს: სარკე უნდა დაიმსხვრეს, რათა დავინახოთ იმ სამყაროს სხვა პერსპექტივები, რომელიც ერთ დროს ნამდვილი იყო. ალადინოს მიერ განვლილი გზის გასააზრებლად თავის მის ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ; დავინახოთ, რასაც ის ხედავს და ვიგრძნოთ ის, რასაც ის გრძნობს და გავაცნობიეროთ, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა იგი. ამაში ჩვენ ედუარდო ვივეიროს დე კასტროს ანთროპოლოგიური თეორია ე.წ. ამერინდული პერსპექტივა გვეხმარება, რომელიც ამ ყველაფრის გააზრებას ცდილობს. პროექტის მიზანია, ეს თეორია აუდიტორიას სურათების მეშვეობით წარმოუდგინოს, შექმნას რეგიონის სპირიტუალური ვიზუალური რუკა, რომელსაც ამაზონში მუდმივად საფრთხე ემუქრება.
ლეონარდო სერატუმ, რომელიც 1983 წელს დაიბადა მინას-ჟერაისში ბრაზილიაში, თავისი ფოტოგრაფიული მოგზაურობა 2012 წელს მთელი ვნებით დაიწყო. იგი ამჟამად რიო დე ჟანეიროს მკვიდრია.
2013 წელს მან, მეინსტრიმული მედია საშუალებებისთვის გვერდის ავლის და ინფორმაციისთვის მეტი დემოკრატიულობის მინიჭების მიზნით, თანამოაზრეებთან ერთად შექმნა დამოუკიდებელი მედია კოლექტივი „Coletivo Carranca“. ამ ჯგუფში ყოფნისას მას საბოლოოდ მიეცა რიო დე ჟანეიროს ქუჩების სიღრმისეული და ორგანული ისტორიების მოყოლის შესაძლებლობა. ამ ჰორიზონტალური სტრუქტურის მქონე მედია ჯგუფში დამოუკიდებელ ფოტოგრაფად მუშაობისას, ლეომ შექმნა პროექტი სახელწოდებით „ამბოხი“, რომელიც ასახავს რიო დე ჟანეიროში მომხდარ არეულობას შიგნიდან, როდესაც მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში.
2014 წელს ლეომ დაიწყო ორწლიანი მულტიმედიური პროექტი „Article 6“, რომელიც იკვლევს რიოს სოციალურ და საბინაო პრობლემების არსს და აღბეჭდავს უკიდურესად ღარიბ, მიტოვებულ საზოგადოებრივ შენობაში მცხოვრებ ასობით ოჯახის ყოფას, რომელიც სტადიონიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უნდა ჩატარდეს. ორივე ფოტოპროექტს მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონდა და იფინებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კონტინენტის მშობლიურ კულტურასთან დაკავშირების და მისი დაფარული ისტორიის გამჟღავნების სურვილმა ლეო ამაზონის ტყეში ჩაიყვანა. 2015 წლის შემდეგ იგი გრძელვადიან პროექტზე მუშაობს ბორას შამანის შესახებ, რომელიც ღრმა ჯუნგლებში ცხოვრობს. ასევე, ბრაზილიის საერთო იდენტობის ძიებისას, ლეო ვიზუალური ნარატივების მეშვეობით, კოლექტიური მეხსიერების, მისი ნარჩენების და ტრავმების დოკუმენტაციას ახდენს, რომელიც ჯერ კიდევ მოუშუშებელია და არსებულ პრობლემურ საკითხებთან კავშირშია. კოლონიური წარსულის კვალი ძლიერ აღელვებას იწვევს, რომელიც ღრმადაა გამჯდარი და კვლავაც შესამჩნევია ბრაზილიის საზოგადოებაში. ფოტოგრაფიითა და ფილმებით ლეოს სურს აჩვენოს თავისი ქვეყნის პრობლემური ისტორიული განვითარება.
ლეომ ცოტა ხნის წინ დაასრულა VII Photo Agency-ს მენტორის პროგრამა, მიჰყავს საუბრების სერია და წერს VII Insider-ისთვის ბრაზილიური ფოტოგრაფიის შესახებ.