გრეგორ ზაილერი
პოლარული აბრეშუმის გზა 2017–2022
კურატორი - თეონა გოგიჩაიშვილი
უკანასკნელი წლების განმავლობაში გრეგორ ზაილერის ყურადღება ჩრდილოეთ პოლუსისკენაა მიპყრობილი. ამ უკიდურეს წერტილშიც კი ადამიანის გადაჭარბებულმა საქმიანობამ ზაილერი აიძულა, რამდენჯერმე გამგზავრებულიყო შორეულ ჩრდილოეთში იმ მოვლენებისთვის ფოტოების გადასაღებად, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ დაფარული რჩება.
ჩრდილოეთის
ყინულოვან ოკეანეს ხუთი ქვეყანა ესაზღვრება: დანია, კანადა, ნორვეგია, რუსეთი და აშშ. აქ მდებარე ტერიტორიების ნაწილს ფინეთი, ისლანდია და შვედეთიც ფლობს. რეგიონი ძირძველი ადგილობრივი ხალხითაა დასახლებული, თუმცა მათი რიცხვი უკიდურესად არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობების გამო მცირეა. ჩრდილოეთის ოკეანის გადაკვეთა სამი საზღვაო მარშრუტითაა შესაძლებელი, თუ ამის საშუალებას
სეზონური პირობები და
ყინულის საფარის სისქე იძლევა. ყინულის დნობამ
შესაძლოა კიდევ ერთი უფრო მოკლე სავაჭრო გზა,
ე. წ. „პოლარული აბრეშუმის გზა“ გააჩინოს, რომელიც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ახალ საბადოებზე წვდომას
უზრუნველყოფს. როგორც არქტიკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ქვეყნები უკვე აფიქსირებენ თავიანთ პრეტენზიებს
საბადოებთან მიმართებაში. გრეგორ ზაილერმა მოგზაურობისთვის ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში შეისწავლა თემატურად, გეოგრაფიულად
და ვიზუალურად ყველაზე საინტერესო ადგილები. საჭირო ნებართვების მოსაპოვებლად საკმაოდ
შრომატევადი და დამღლელი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწია. სულ მცირე 25-კილოგრამიანი
ფოტოაღჭურვილობით შეიარაღებული გრეგორ ზაილერი სისტემატურად მართავდა რამდენიმედღიან
ექსპედიციებს სამხედრო ბაზებზე, კვლევით ცენტრებში, პორტებსა თუ ნავთობის და გაზის
მომპოვებელ ობიექტებზე. ზაილერის ფოტოებში უტოპია და დისტოპია ერთმანეთისგან დიდად
არაფრით განსხვავდება. თუნდაც მის ნამუშევრებში აღბეჭდილი გარემო არაფრისმთქმელად გამოიყურებოდეს,
ისინი მაინც დატვირთულია შინაარსით.
არქტიკის შესწავლასა და ფოტოგრაფიის გაჩენას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. როდესაც მკვლევარებმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ამ უცხო რეგიონის შესწავლა დაიწყეს, ფოტოგრაფები მათთან ერთად ყოველთვის მიემგზავრებოდნენ ექსპედიციებში. ასე რომ, გრეგორ ზაილერი დიდი ხნის ტრადიციის გამგრძელებელია. აქაც იგი ფართო ფორმატის ფირის კამერით მუშაობს, რომელიც არ არის დამოკიდებული სიცივის მიმართ მგრძნობიარე ელემენტებზე. „პოლარულ აბრეშუმის გზაზე“ მუშაობისას ზაილერმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ფოტოგრაფიაში, პროექტს თან ახლავს სხვადასხვა სამეცნიერო დარგის ექსპერტის ესეები, რაც სიღრმისეულ წარმოდგენას გვიქმნის ამ რეგიონზე როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო და მეცნიერული თვალსაზრისით.
გრეგორ
ზაილერი (დაიბ. 1980 წ.) არის ფოტოგრაფი, რომლის ინტერესის სფეროს მხატვრული და არქიტექტურული
თემატიკა წარმოადგენს. თავის ნამუშევრებში იგი იძიებს, თუ როგორ გამოხატავენ შენობები
და ნაგებობები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ იდეებს. ის ფოტოებს ხშირ შემთხვევაში
შორეულ ან მიუწვდომელ ადგილებში იღებს.
ზაილერი 2002 წლიდან 2007 წლამდე კომუნიკაციის დიზაინს სწავლობდა დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ფოტოგრაფიისა და ექსპერიმენტული კინოს სპეციალობით. მან, ასევე, მაგისტრის ხარისხი მიიღო 2015 წელს ფოტოგრაფიაში. ზაილერის ნამუშევრებს მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. ის მონაწილეობას იღებდა როგორც სამშობლოში, ისე საერთაშორისო სოლო და ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის ნიუ იორკში, ლონდონში, არლში, მილანში, ვენაში, პრაღაში, ბერლინსა და ბუდაპეშტში. ბევრი მისი ფოტოსერია გამოქვეყნებულია ფოტოწიგნად, მათ შორის ყველაზე ახალი ნამუშევრებია: „პოლარული აბრეშუმის გზა“, „ყუთი“ და „უხილავი ადგილები“. ის ცხოვრობს და მუშაობს ტიროლში, ავსტრიაში.