თარიღი

13 მაი 2023

გალერეა

თიბისი კონცეპტი

დროები

17:00

დავით სულაქველიძე (1952-2019)

როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები

კურატორები: გურამ წიბახაშვილი, მარიამ წიქარიძე, ნიკა დუმბაძე

გამოფენაზე “როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები”  წარმოდგენილი ფოტოები ასახავს  ოთხმოციანი წლების ისტორიას. ფოტოები გვიყვება როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში.  დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის კი  წარმოდგენილი ფოტოები არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება.

დავით სულაქველიძე დაიბადა თბილისში, 1952 წელს. ფოტოგრაფი სხვადასხვა სფეროში ერთდროულად მუშაობდა, მეგობრობდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან - მეცნიერება, კინო, თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, როკმუსიკა, სპორტი...  და ისე გამოვიდა, რომ  70-80-იანი წლების თბილისის ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს შიგნიდან, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ისე ასახავდა. მისი  ფოტოები კარგად აჩვენებს მისწრაფებას თავისუფლებისკენ, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოვლინდა საზოგადოებაში.

სულაქველიძემ  1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.  ის იყო ფოტოგრაფთა ჯგუფის „თვალსაზრისი“  აქტიური წევრი მხატვრული ფოტოგრაფიის მიმართულებით.  1970 იანი წლებიდან  გატაცებული იყო როკით, თავისუფლებასთან ასოცირებული, საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკით. უკრავდა არაოფიციალურ კონცერტებზე ვალერი კოჩაროვთან,  დათო ფოფხაძესთნ და სხვა მუსიკოსებთან  ერთად. ასევე ადრეული პერიოდიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა  კარატეს კულტურის და საქართველოს კარატეს ფედერაციის  ჩამოყალიბებაში, 1988 წლიდან კი  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნაში. ამავე დროს იყო პროფესიონალი მსაჯი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით სულაქველიძე გრაფიკულ დიზაინს გაეცნო და ერთ-ერთ პირველ კერძო სტამბაში Calamus graphics studio დაიწყო მუშაობა.  

დავით სულაქველიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის სფეროები, ინტერესები, მის ფოტო-არქივს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების უშუალო მონაწილეს შიგნიდან დაეფიქსირებინა მოვლენები.