ქლოე როსერი
ფორმა და ფუნქცია
კურატორი - დინა ოგანოვა
„ფორმა და ფუნქცია“ ადამიანის საკუთარ სხეულში ყოფნის კვლევას წარმოადგენს. ნამუშევარი ადამიანად ყოფნის გამოცდილებას და საკუთარ სხეულთან ჩვენს რთულ ურთიერთობას აკვირდება. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითშეგრძნებას და ასახავს იდენტობის ცვალებადობას სუბიექტების ფართო წრეში. ამ დეფორმირებული შიშველი სხეულების ფოტოებში ადვილად ამოსაცნობი ფორმები დელიკატურად გარდაიქმნება უცხო ფიგურებად. როსერი თავის ფოტოებში ანგრევს სიშიშვლის ჩვენეულ აღქმას და ისეთ საკითხზე, რომელიც ისტორიულად მამაკაცის თვალით იყო დანახული, ქალის მიერ დანახული პერსპექტივით წარმოგვიდგენს. დეფორმირებულად გადაღებული სხეულები ადამიანობისგან დაცლილია, თითქოს რბილი მანქანაა. ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებების გარეშე აღარ გვიჩნდება ჩვეული ვარაუდები და შეფასებები, რომლებიც პიროვნების დანახვისას გვაქვს ხოლმე. ამის ნაცვლად, ჩვენ წინაშეა ბუნებრივი ობიექტი, რომელშიც ძვალი და ხორცი ერთმანეთს უჩვეულოდ ერწყმის და ადამიანის ფორმებს უცნაური პერსპექტივით დაგვანახებს. არის რაღაც ნაცნობი ყოველდღიურობიდან რომელშიც ამ უჩვეულო ფიგურებს ვხედავთ. ისინი მაინც ადამიანებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი თვისებები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის მანიშნებელია წითელი ნაკაწრი კანზე, ან ტანსაცმლის მცირე დეტალი. საყოფაცხოვრებო სივრცეების მსგავსად, სადაც ეს სხეულები იმყოფებიან, ისინიც წარმოადგენენ საარსებო სივრცეებს. ნაკლოვანებები — სტრიები და იარები კედლებზე გაკეთებული ნაკაწრებივითაა შემორჩენილი. ნამუშევარი შეისწავლის ფორმებს შორის კავშირს — თუ როგორ გამომდინარეობენ ისინი ერთმანეთისგან სხვადასხვა პოზაში გარდასახვის დროს. მხატვრულ ნამუშევარს თუ ავეჯს მიმსგავსებული ფიგურები განთავსებული არიან ცარიელ ოთახში. ოდნავ შესამჩნევი დეტალები მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სივრცეები მათი სახლებია. აშკარად იქ ცხოვრობენ, მაგრამ განზრახ არის გამოცარიელებული. როსერის ფოტოებში ვხედავთ სხვადასხვა კანის ფერის, სხეულის ფორმისა თუ სექსუალობის მქონე ადამიანს. მათი ასაკი ოციდან სამოცდაათ წელს შორისაა. ესენი არიან ქალები, მამაკაცები, კონკრეტული სქესის არმქონე ჯენდერფლუიდი ადამიანები და ტრანსები. აქ ისინი ამოუცნობ ფიგურებად გარდაქმნილნი, თანასწორი არიან და უპირისპირდებიან სილამაზის საყოველთაოდ გავრცელებულ ნორმებს. ეპოქაში, რომელიც უხვადაა გაჯერებული ციფრულად დამუშავებული და შელამაზებული გამოსახულებებით, ეს რეალური ცოცხალი სკულპტურები გამოწვევის წინაშე აყენებს ადამიანის სხეულის ჩვენეულ აღქმას.