თარიღი

4 მაი 2025

გალერეა

გალერეა ცალკე სივრცე

დროები

18:00

ბაირონ სმიტი

აღთქმა ’22

კურატორი: თეონა გოგიჩაიშვილი

აღთქმა ’22ბაირონ სმითის ძლიერი სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ასახავს მის მოგზაურობას 16 000 კილომეტრის მანძილზე, ომში გახვეული უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის უმიზეზო შეჭრის პირველ წელს. უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ლიტერატურული მემკვიდრეობით შთაგონებული სმითი ქმნის ომში მყოფი ერის ერთიან და, იმავდროულად, მრავალფეროვან პორტრეტს.

სმითის სიმტკიცით აღსავსე ფოტოებზე წარმოდგენილია ის გასაოცარი ფასი, რასაც ადამიანები ომში იხდიან — მგლოვიარე დედები, დანგრეული ტერიტორიები და, ასევე, ერთგვარი ხოტბაა უკრაინელების ურყევი სულისა და ენითაუწერელი ტრაგედიის პირისპირ მათი სიმტკიცის მიმართ. კიევის განადგურებული შემოგარენიდან ახლადგათავისუფლებულ სოფლებამდე სმითის შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები მნახველზე წარუშლელ კვალს ტოვებს და ვრწმუნდებით, რომ ამ მსხვერპლს არასდროს არავინ დაივიწყებს.

რუსეთის მიერ ჩადენილი უდავო დანაშაულებისთვის ნათელის მოფენასთან ერთად, ამ გამორჩეულად ემოციურ პორტრეტებს თან ახლავს Kyiv Independent-ის რეპორტიორის, იგორ კოსოვის ტექსტი. მასთან სმითი თანამშრომლობდა ფრონტის ხაზიდან რეპორტაჟების მომზადებისას. ნახევრად უკრაინელი და ნახევრად რუსი საერთაშორისო კორესპონდენტი უკრაინაში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალი გახდა, მან დარჩენა და განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება გადაწყვიტა. თანმხლები ესსეი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც ძლიერ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე. „ამ გვერდებზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია, თუ როგორ გადაიტანეს უკრაინელებმა თავიანთი დამოუკიდებლობის 31-ე წელი, როცა იმპერიამ, რომელიც მათ მართავდა საუკუნეების განმავლობაში, მისი ხელახლა მიტაცება გადაწყვიტა.“ ეს ნამუშევრები შეგვახსენებს, რომ ომის ფასი ბრძოლის ველს სცდება და, იმავდროულად, ნათელს ფენს უკრაინელების სიმტკიცეს და მათ ბრძოლას მათი საყვარელი სამშობლოსთვის.

ნამუშევარში „აღთქმა ‘22“ სმითი დოკუმენტურად წარმოადგენს უკრაინელ ხალხს, რომლებიც ლიმინალურ სივრცეში აღმოჩნდა. ისინი იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებლები და ყველაფერი, რაც გააჩნდათ, ახლა კი გაურკვეველი მომავლის წინაშე აღმოჩნდნენ. თავისი ყველგანმყოფი ობიექტივით, უფსკრულის ნაპრალებში სმითი იმედის ნაპერწკალს ეძებს. გადარჩენილები ნანგრევებში თავშესაფარს პოულობენ. ბავშვები საერთო დანიშნულების საცხოვრებლებს აგებენ რუსების მიერ გადაყრილი სამხედრო აღჭურვილობის ყუთებისგან. რუსეთის შეტევა ჩერდება, ისევ გაზაფხულდება და უკრაინელები დროებით შვებით ამოისუნთქავენ დაუსრულებელი დაბომბვების შემდეგ. სმითმა წარმოგვიდგინა მრავალმხრივი ხედვა ომის შესახებ და წინააღმდეგობა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, მან გვაჩვენა ერის ბრძოლა არსებობისთვის, რამაც დაბადა დაუმორჩილებელი და მტკიცე უკრაინული სული, რომლის გამარჯვებაც გარდაუვალია.

სმითის ფოტოებმა რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, ხოლო მის ნამუშევრებში დოკუმენტურად აისახა უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულში უტყუარი სამხილების წარმოდგენის თვალსაზრისით. „აღთქმა ’22“ შესანიშნავი ფოტოების კოლექციაა, რომელიც, ასევე, მოიცავს Kyiv Independent-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტის, იგორ კოსოვის ესსეის და ვიქტორ ონიშჩენკოს ნახატებს.

„აღთქმა ’22“ რამდენიმე ჯილდოს მფლობელია, რომელთაგან ბოლო არის სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოების პრემია დოკუმენტური ფოტოებისთვის, რომელიც მან 2023 წელს მიიღო. ნამუშევრები გამოფენილი იყო ვაშინგტონში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ლონდონში, ჰამბურგში, ოსლოში, ბუდაპეშტსა და ათენში (საბერძნეთი), რომელიც ფოტოგრაფის ახალ ბინად იქცა. 

ბაირონ სმითი (დაიბ. 1986, აშშ) საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები მიზნად ისახავს, მოიხელთოს კონფლიქტისა და მიგრაციის უშუალო არსი, იმ იმედით, რომ ამ ისტორიების ექო მსოფლიოზე გავლენას მოახდენს. მას გაშუქებული აქვს ისტორიები კონფლიქტის ისეთი ზონებიდან, როგორიცაა ერაყი, სუდანი და უკრაინა; ასევე, ისეთი ქვეყნების ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტი, როგორებიცაა ჩრდილოეთი ირლანდია, ყაზახეთი და ფოტოგრაფის მშობლიური აშშ.

მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო აშშ-ს ისეთი მნიშვნელოვან ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ იორკი, ვაშინგტონი და ჩიკაგო, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით — გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, უნგრეთსა და ფინეთში. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია New York Times-ში, Wall Street Journal-ში, Getty Images-ში, Le Monde-ში, The Sunday Times-ში, The Guardian-ში, Der Spiegel-სა და VICE Magazine-ში, ასევე, მომზადებული აქვს ნამუშევარი CNN-ისთვის. ის იყო გაერთიანება VII Mentorship Program-ის წევრი 2023-2024 წლებში.