თარიღი

19 მაი 2024

გალერეა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

დროები

18:00

ბადრი კეთილაძე

ჩვენ ერთი გუნდი ვართ

კურატორი - დინა ოგანოვა

ბადრი კეთილაძე (1959-2023) დაიბადა 1959 წლის 2 ივნისს ქალაქ ქუთაისში. 1976 წელს დაამთვრა ქუთაისის 34-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის N4 პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1977-79 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1980 წელს მუშაობას იწყებს ქუთაისის ავტომშენებელ ქარხანაში, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. 1986 წელს ამავე ქარხანაში გადადის ფოტოკორესპოდენტად, ამ პერიოდში სწავლობს დაუსწრებელ ფაკულტეტზე მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტში. 1993 წელს მუშაობას იწყებს სპორტულ გაზეთში „ბურთი და მოედანი“, „იმერ. სპორტში“ და გაზეთებში „იმერეთი“ და „ახალ ქუთაისში“ ფოტოკორესპოდენტად. 1996 წელს საცხოვრებლად გადადის თბილისში, გაზეთ „სარბიელის“ მოწვევით. პარალელურად მუშაობდა ჟურნალ „სარბიელში“,  ფ/კ „ამერში“, ჟურნალში „ათიანი“, სპორტის და ახალგაზრდბის დეპარტამენტში, მსოფლიო სპორტში. თანამშრომლობდა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსთან, ოლიმპიურ კომიტეტთან, ფეხბურთის ფედერაციასთან, უეფას სააგენტოსთან, ჟურნალთან „ოლიმპიელი“. ლექციებს კითხულობდა ჯიპას უნივერსიტეტში ფოტოხელოვნების შესახებ. 2001 წელს დაოჯახდა. ჰყავს მეუღლე, რუსუდან კალანდაძე, და ქალიშვილი, მარიამი კეთილაძე. 2001 წლიდან არჩის საქართველოს და საერთაშორისო სპორტულ ჟურნალისტთა ასციაციის წევრად. 2011-2021 წლებში მუშაობდა ფ/კ. „დინამოში“. გაიმარჯვა მრავალ სპორტულ კონკურსში, მიღებული აქვს დიპლომები და ფულადი პრემიები. ორჯერ გახდა გურამ თიკანაძის პრემიის ლაურატი. ბადრი კეთილაძის გარდაცვალების შემდეგ დაარსდა მისი სახელობის ყოველწლიური პრემია სპორტული ფოტოგრაფებისთვის. 2023 წელს ნოემბერში გამოიცა ფოტოალბომი, „ბადრი კეთილაძე“, სადაც თავმოყრილია მისი ნამუშევრების ნაწილი.

რთულია, დაწერო შენს საყვარელ ადამიანზე, თავში ერთდროულად ძალიან ბევრი მოგონება იყრის თავს და ფურცელზე ამის დატანა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ფიქრები ერთმანეთს ასწრებს და გინდა, რომ სრულფასოვნად კარგად გადმოსცე შენი განცდები თუ ფიქრები ამ ადამიანის მიმართ.

მამასთან ბავშვობიდანვე ახლოს ვიყავი და ყოველთვის მესახებოდა სამაგალითო ადამიანად. ბადრი კეთილაძის სხვა მხარეს ვიცნობდი. ძილის წინ ძალიან მიყვარდა მისი სტუდენტური ამბების მოსმენა. დავსხდებოდით ოჯახი და დედ-მამას, ორივეს, ვაყოლებდი მათი თავგადასავლების შესახებ. ვუყურებდი, როგორ აკეთებდა ფოტოებს, როგორ თავისებურად ნერვიულობდა თავისი გუნდის წარმატებაზე, როგორ ზრუნავდა პარალელურად ოჯახზე და ჩვენს კეთილდღეობაზე. როცა გავიზარდე, უფრო დავაფასე და აღვიქვი, თუ ადამიანობასთან ერთად, რამდენად კარგი მამა და, ამავდროულად, საქმის პროფესიონალიც იყო. მან მასწავლა საქმისა და ოჯახის სიყვარული და როგორ უნდა შეთავსდეს ისინი ერთმანეთთან. დღემდე მესმის ჩემთვის უცხო ადამიანებისგან, თუ როგორ ეხმარებოდა და მეგობრად იღებდა ყველა კეთილისმოსურნე ადამიანს. ცოდნას გასცემდა უანგაროდ და თავისებურად ამრავლებდა ტალანტს, რომელიც ნიჭთან ერთად, დიდი შრომითა და პრაქტიკით განამტკიცა. სიტყვისა და საქმის ადამიანი იყო. დაუოკებელი სურვილი ჰქონდა განვითარებისა და ყოველთვის წინ დგამდა ამისთვის ნაბიჯებს, რომ  არ ჩამორჩენილიყო ახალ ტექნოლოგიურ ტრენდებს.

ყველა წარმატებული კაცის უკან დგას ძლიერი ოჯახი. იყო მომენტი, როდესაც მამამ გაჭირვების დროს ოჯახთან ერთად ყოფნა არჩია და თითქოსდა პროფესიულად უკან გადდგა ნაბიჯი, თუმცა ამგვარად ფიქრი მხოლოდ სიცრუეა. ბადრი კეთილაძეს უკვე დიდი კვალი ჰქონდა დატოვებული ქართული სპორტული ფოტოს განვითარებაში, მან თავისი სახელი დიდი ასოებით ჩაწერა ისტორიაში და მისი ეს გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ისევ და ისევ მის დიდკაცობასა და ადამიანობაზე მიუთითებს.

მარიამ კეთილაძე