ხოსე სარმენტო მატოსი (32 წლის) არის ლისაბონსა და ლონდონში მცხოვრები ფოტოდოკუმენტალისტი.
2020 წლის სექტემბრიდან ხოსე სარმენტო მატოსის ნამუშევრები ხშირად იბეჭდება The New York Times-სა და National Geographic explorer-ში (კოვიდ-19-თან დაკავშირებით სარეზერვო ფონდის გრანტი ჟურნალისტებისთვის). მისი დამოუკიდებელი ფოტონამუშევრები გრძელვადიანი/საშუალოვადიანი პროექტების ფარგლებში იქმნება. სარმენტო, ძირითადად, დაინტერესებულია იმ თემებით, რომლებიც სოციალურ უთანასწორობას და იდენტობას უკავშირდება, აანალიზებს თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურ პრობლემებს და ამ დროს აქცენტს აკეთებს ადამიანების პირად და ინტიმურ ამბებზე.
ამას გარდა, 2017 წლიდან The New York Times-ისთვის ხშირად იღებს ფოტოებს. მის მთავარ კლიენტებს შორის არიან: Bloomberg, Le Monde, Huck Magazine, HISTORY და A+E Networks. 2014 წელს მან ფოტოდოკუმენტალისტის და ფოტოჟურნალისტის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის კომუნიკაციის კოლეჯისგან. აქ ის ფოტოგრაფიას 4 წელი ასწავლიდა (2016-2019). ის, ასევე, Leica-თი გადაღებასაც ასწავლის. ის ბრიტანეთის აკადემიური ელჩების გუნდის წევრია. 2015 წელს ხოსე სარმენტო მატოსი სააგენტომ Magnum Photos მსოფლიო მასშტაბით 30 წლამდე საუკეთესო 30 ფოტოგრაფს შორის დაასახელა პროექტისთვის „გვერდის გადაფურცვლა“.
2016 წელს მან მოამზადა პროექტი „რით დაგეხმარო?“, რომელიც ინდოეთსა და ფილიპინებში ქოლ-ცენტრების ანონიმური თანამშრომლების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ნამუშევრები გამოქვეყნდა The New York Times-ში, Wired-ში, Newsweek-სა და Süddeutsche Zeitung-ში.
2017 წელს ხოსე სარმენტო მატოსმა ვენესუელაში პორტუგალიური დიასპორის წარმომადგენლების და, ასევე, პორტუგალიაში ვენესუელელების ემიგრაციის კვლევა და ფირზე აღბეჭდვა დაიწყო. პროექტის სათაური იყო „ვის ვეკუთვნი? ვენესუელურ ოცნებასთან გამომშვიდობება“ და მიგრანტების ოჯახების და იდენტობის დაკარგვის ამბავს მოგვითხრობს.
2020 წელს ხოსემ National Geographic-ის დაფინანსებით, პორტუგალიაში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა დაიწყო. ეს ნამუშევარი ამჟამად გამოფენილია ლისაბონის ხელოვნების, არქიტექტურის და ტექნოლოგიების მუზეუმში, ჯგუფური გამოფენის „X არ არის პატარა ქვეყანა“ ფარგლებში.