თარიღი

7 მაი 2022

გალერეა

თიბისი კონცეპტი

დროები

17:00

ვახო ხეთაგური

მთის მიღმა 2015

2015 წლის ზაფხულში საქართველოში ამოქმედდა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ახალი კანონი. მთის მოსახლეობა მიიღებს გარკვეულ სოციალურ შეღავათებს, მიზნობრივ დახმარებას ბიუჯეტიდან, ასევე შეღავათებს ბიზნესის წარმოების დროს. დაეხმარება თუ არა ეს კანონი მთის მოსახლეობას და შეჩერდება თუ არა მიგრაციის პროცესი, ეს მალე გამოჩნდება. დღეს კი მთის ხალხს საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება: უმეტეს დასახლებულ პუნქტებში არ არის გზა, რომლითაც ისინი რაიონულ ცენტრებთან დაკავშირებას შეძლებდნენ; მცირე მოსახლეობისა და სხვა პრობლემების გამო გაუქმებულია სკოლები და სამედიცინო მომსახურების ცენტრები; ვერ ხერხდება პროდუქტებით სოფლების მომარაგება და საკმაოდ მწვავედ დგას გათბობის საკითხებიც; დიდთოვლობისა და უგზოობის გამო, მაღალმთიანი სოფლები ხანდახან კვირაობით წყდება დანარჩენ სამყაროს. მთა, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის თავდაცვისა და განვითარების საქმეში, დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი. ქრება მთის მოსახლეობა და მასთან ერთად ქრება მთის უნიკალური ტრადიციები და ცხოვრების წესი.

ვახო ხეთაგური - დაიბადა 1989 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2012 წელს სწავლობდა გურამ წიბახაშვილის ფოტოსკოლაში, 2013-2014 წლებში კი გაიარა სემინარები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით. მუშაობს პერსონალურ პროექტებზე და თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. პირველი გრძელვადიანი პროექტი - “ცხოვრება რელსებზე” 21 წლის ასაკში, 2012 წელს დაიწყო, მალე მას შემდეგ, რაც პირველი ფოტოსურათები გადაიღო. იგი ჯერ კიდევ მუშაობს მასზე, პარალელურად, სხვა პროექტებს იღებს.