თარიღი

10 ივნ 2012

მისამართი

სიონის ქ. 8

გალერეა

თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

დროები

18:00

გიორგი ცაგარელი

საუკეთესო ნამუშევრების კრებული

დირექტორი: თამარა ბოკუჩავა, კურატორი: ლიკა მამაცაშვილი

ქართველი ფოტოჟურნალისტი, დოკუმენტური ჟანრის ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი დაიბადა 1947 წელს, თბილისში. ფოტოგრაფიით 32 წლის ასაკიდან, პირველი შვილის დაბადებისას დაინტერესდა. პროფესიით ინჟინერმა, შვილის ფოტოების გადაღება თავისი ძველი, საბჭოთა ფოტოკამერით დაიწყო. სწორედ ამ დროს, თავის მომავალ პროფესიად მან ფოტოჟურნალისტიკა აირჩია და მას შემდეგ, ამ სფეროში მოღვაწეობს.

ამჟამად მუშაობს, როგორც თავისუფალი ფოტოგრაფი. სხვადასხვა დროს ფოტოჟურნალისტად მუშაობდა ისეთ სააგენტოებსა და გაზეთებში, როგორიცაა „საქართველოს გაზეთი“, „საქართელოს ახალგაზრდობა“, “საქართველოს საინფორმაციო სააგენტო“, „პრაიმ ნიუსი“, ჟურნალი “დიალოგი“ და სხვა. მან იმ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის ფირზე აღბეჭდვა მოახერხა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა თუ პოსტ საბჭოთა ტრანსფორმაციის პერიოდში. მისი კამერა აქტიურად ასახავს დღევანდელ სოციალურ და ურბანისტულ ყოფასა და ცვლილელბებს.

მისი პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „საბჭოთა არმია“, 1985 წელს, თბილისში ჩატარდა. მისი რჩეული ფოტონამუშევრების გამოფენა პირველად  1986 წელს მოეწყო, ხოლო მეორედ – 2002 წელს. ომის თემაზე შექმნილი ფოტოების გამოფენა, სახელწოდებით „ომის სახეები“, 1994 წელს მოეწყო, ხოლო 1998 წელს – პერსონალური ექსპოზიცია „იერუსალიმი“. ის არაერთი თემატური ფოტოსერიის ავტორია, კერძოდ: „მარტოსული“ (ფოტო–ისტორია მარტოხელა და ღარიბ ადამიანზე) (2001); „ალკოჰოლიზმი“ (ყოფილ ექიმზე, რომელიც ალკოჰოლიზმითაა დაავადებული) (2003); „სოციალური თერაპიის სახლი“ (იმ ადამიანების პორტრეტები, რომლებიც სოციალური რეინტეგრაციისთვის რეაბილიტაციას გადიან) (2004); „აუტიზმის სახეები“ (სოციალური ფოტოგრაფიის კავკასიის ფონდისა და საქართველოს აუტიზმის საზოგადოების მიერ ორგანიზებული აუტიზმის მსოფლიო დღის, 2 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენა) (2012). 

სხვადასხვა დროს, გიორგი ცაგარელი მონაწილეობდა საზღვარგარეთ გამართულ ჯგუფურ გამოფენებშიც, მათ შორის – 1999 წელს, ვენის ფოტოგალერეაში (ავსტრია) გამართულ ერთობლივ გამოფენაში GeorgischeKünstler/innen (ქართველი ხელოვანები) და 2006 წელს ჯგუფურ გამოფენებში, სხვა ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად, ლონდონსა (დიდი ბრიტანეთი) და ბრატისლავაში (სლოვაკეთი).