
ქოლგა თბილისი ფოტო
"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - სლოგანი, რომელიც პირველად 1986 წელს ბრბოს მიერ მაიკლ გრიფიტის მკვლელობის შემდეგ გაისმა, უკვდავ სლოგანად იქცა და საზოგადოება მთავრობების მიერ გამოვლენილი უსამართლობის საპასუხოდ იყენებს.ქოლგა თბილისი ფოტო იზიარებს საპროტესტო საზოგადოების სულისკვეთებას. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და თანადგომას გამოვხატავთ სინდისის პატიმრების მიმართ.24 წელია, ვცდილობთ, შევქმნათ კულტურული გამოცდილება, რომელიც საქართველოს აახლოებს ცივილიზებულ სამყაროსთან, საერთაშორისო ფოტოგრაფებს კი ჩვენი ქვეყნის უნიკალურობის შეგრძნების საშუალებას აძლევს.სირთულეების მიუხედავად, აუცილებლად მიგვაჩნია გავაგრძელოთ ჩვენი ყოველწლიური ფესტივალის ჩატარების ტრადიცია.
ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. ნაჩვენებია ფოტოგრაფიის სხვადასხვა ასპექტები, ისტორიული და თანამედროვე პოზიციები. ფესტივალის მიმდინარეობისას, გამოფენების გარდა ეწყობა სხვადასხვა ვორქშოფი და ლექციები ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს მიზანი საერთაშორისო ფოტოგრაფიის, სხვადასხვა ფოტოგრაფიული პოზიციის, კლასიკურის და თანამედროვეს დაკავშირებაა საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. ფოტოკვირეულის მიმდინარეობისას საზოგდოებას საშუალება აქვს გაეცნოს როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური ფოტოგრაფიის ნიმუშებს, აგრეთვე თანამედროვე უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს.
გასული 23 წლის განმავლობაში მრავალმა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს ფოტოკვირეულში. ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული საგანმანათლებლო შეხვედრები თანამედროვე ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის დამატებითი წყაროა ცოდნის გასაღრმავებლად.. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ უცხოელი ფოტოგრაფების შემოქმედებას და საკუთარი ნამუშევრები გააცნონ მათ. ყოველწლიური ფოტოალბომის გამოცემა კი, ერთი მხრივ, ქართული თანამედროვე სახელოვნებო წიგნების კოლექციის გამდიდრებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, ქართველ ფოტოგრაფებს საშუალება ეძლევათ, რომ თავიანთი შემოქმედება საერთაშორისო დამთვალიერებელს წარუდგინოს.
ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს და საგანმანათლებლო მიმართულებას (ვორქშოპები, სემინარები, პორტფოლიოს განხილვები). ქოლგა თბილისი ფოტოს კვირეული კულტურათაშორისი დიალოგის საუკეთესო საშუალებაა და ხაზს უსვამს თბილისის და ზოგადად, საქართველოს, როგორც საერთაშორისო ფოტოგრაფიის შეხვედრის ადგილის მნიშვნელობას.
2025 წლის "ქოლგა თბილისი ფოტო" 2 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.